"კარლ ბილდტზე არ დავწვრილმანდები - ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, რომელიც ფულით მოქმედებს. ჩათვალეთ, რომ ყოველი მისი განცხადებისა და დაწერილი წინადადების უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. მასზე არ დავწვრილმანდები, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ვიღაცამ ის დაიქირავა ზუსტად ამისთვის, რომ ეს იდეები ვიღაცის გასაგონად გააჟღეროს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
შალვა პაპუაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში თავიანთი წარმომადგენლის დანიშვნა სურთ.
"ამიტომ ვთქვი, რომ ეს არჩევნები ევროკავშირისთვის და ევროპული ქვეყნებისთვის არის გამოცდა და ტესტი. რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპელი პოლიტიკოსები თუ ლიდერები, ამას ვაკვირდებით ქართული საზოგადოება. ეს არის ტესტი, არიან თუ არა ისინი ერთგულნი ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა, დემოკრატიისა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან.
ეს სურვილი, რომ საქართველოს გარედან დაუნიშნონ "ნამესტნიკები", რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა, როგორც ჩანს, ვიღაცას თავში უტრიალებს. სხვა რისი გამოვლენა იყო ის, რომ პარლამენტის წინ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ, რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გაეკეთებინა. როდესაც ევროპარლამენტის წევრები, ზოგიერთი ელჩი გამოდის და ქართველ ხალხს ეუბნება, რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს არის სუვერენიტეტის უპატივცემულობა.
სუვერენიტეტის პატივისცემა არის ის, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორისო წესრიგი, ის წესრიგი, რომელსაც დღეს არღვევს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმით. ის, ვინც ამ ფრაზებს იმეორებს საქართველოსთან დაკავშირებით, იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ქვეყნები, რომლებიც პატივს არ სცემენ სხვის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამიტომ, ვაკვირდებით ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება, ვუყურებთ, ვინ არის ნამდვილი ევროპელი და ვინ სცემს პატივს ევროპულ ღირებულებებს და ხალხთა სუვერენიტეტს, და ვინ არის ფარისეველი, ევროპულ ნიღაბს ამოფარებული პოსტსაბჭოთა ლიდერი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.