26 დეკემბერი 2024,   15:40
ვრცლად
კრემლის სავარაუდო კავშირები დონალდ ტრამპთან - აშშ-ს კინოეკრანებზე სკანდალური ფილმი „აქტიური ღონისძიებები“ აჩვენეს

კრემლის რეჟიმის სავარაუდო კავშირები ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან - ამერიკული კინოთეატრების ეკრანებზე უკვე მესამე დღეა, რეჟისორ ჯეკ ბრაიანის სკანდალური ფილმის „აქტიური ღონისძიებების“ ჩვენება მიმდინარეობს.

ფილმში დეტალურად არის აღწერილი ვლადიმერ პუტინის მრავალწლიანი მმართველობის დროს გატარებული ღონისძიებები მსოფლიო წესრიგის ჩამოსაშლელად.

ჯეკ ბრაიანის დოკუმენტური ფილმი მთლიანად ინტერვიუებზეა აგებული. ფილმი განმარტავს, თუ როგორ ჩაერია რუსეთის ფედერაცია 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში, როგორ იყენებს ის კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას და გავლენის აგენტებს დასავლეთის წინააღმდეგ კრემლის პოლიტიკურ ომში.

ფილმში დეტალურად არის აღწერილი კრემლის მიერ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მუშაობა. უკრაინის მოვლენები, მათ შორის იუშჩენკოს მოწამვლა, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება, ყირიმის ანექსია, აგვისტოს ომი საქართველოში და 2012 წლის არჩევნები, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ეს ყველაფერი ფილმში კრემლის ერთიან სქემაშია მოქცეული.

ჯეკ ბრაიანის ფილმის ჩვენება დღეს ნიუ იორკის „აიეფსის“ კინითეატრში გაიმართა, სადაც გადამღები ჯგუფი მაყურებელს შეახვედრეს. განხილვაზე მოწვეული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც.

ფილმის ჩვენებაზე მიხეილ სააკაშვილი მაყურებელს იმ გზავნილზე ესაუბრა, რომელიც მისი თქმით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის - პოლ მანაფორტის პარტნიორ სემ პატენისგან მიიღო. პატენი ივანიშვილის ლობისტი იყო და დღეს მას ლობისტურ საქმიანობაში კანონდარღვევების გამო შეერთებულ შტატებში ასამართლებენ.

განხილვაზე მიწვეულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, შეერთებულმა შტატებმა კრემლის ოლიგარქების წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, ფილმში ოდნავ იგრძნობა პარტიული სიმპათია, რასაც შეიძლება დაეთანხმო ან არა, თუმცა ძალიან კარგად არის გადმოცემული ის მეთოდები, რომელსაც რუსეთი იყენებს. 

დღის ამბები