26 დეკემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - საგამოძიებო კომისია შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას ითხოვს

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციური პარტიის წევრები შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.

ევროპული საქართველოს წევრების თქმით, თეა წულუკიანმა და გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და დატოვონ დაკავებული თანამდებობა.

ირაკლი შოთაძის ქმედებებთან დაკავშირებით საუბრისას ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივანი, ოთარ კახიძე, აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოტივები ამოძრავებდა ყოფილ მთავარ პროკურორს მირზა სუბელიანის დახმარების დროს.

„კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა მოტივი ან რა მოტივები ამოძრავებდა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, მირზა სუბელიანისთვის დახმარების გაწევისას. ეს იყო კოლეგიური ურთიერთობიდან გამომდინარე, პირადი მეგობრული დამოკიდებულება, ეს იყო მირზა სუბელიანის ნათესაური ურთიერთობა მთავრობის წევრთან, სოზარ სუბართან, თუ ეს იყო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მოკვლევის და გამოძიების პროცესში ოთარ ფარხცალაძისთვის ხელის დასაფარებლად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შს მინისტრის უპასუხისმგებლო ქმედებებზე საუბრობს საგამოძიებო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ არ გადაამოწმა, იყო დარღვევები თუ არა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების დროს. აბესაძე თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

„რა თქმა უნდა, ამ გულგრილი დამოკიდებულების გამო, მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებზე მინისტრი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი და შს მინისტრმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. კომისიაში ახსნა-განმარტების მიცემის დასრულების შემდგომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა საჯაროდ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ვერ გაუშვებს ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში. ის ან არ ისმენდა ჩვენი კომისიის სხდომებს და უბრალოდ, პოლიტიკურად არასწორი განცხადება გააკეთა, ან ისმენდა და შეგნებულად გააკეთა მითითება იმაზე, რომ კომისიის დასაბუთებული რეკომენდაციის არსებობის მიუხედავად, არასრულწლოვნებს ვერ დაიჭერენ, ანუ პროკურატურამ არ უნდა იმოქმედოს, შსს-მ არ უნდა იმოქმედოს,“ - განაცხადა აბესაძემ.

აბესაძის საპასუხოდ ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, აღნიშნა, რომ თუ „ევროპული საქართველო“ მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, კომისიის სხდომაზე დაბარების შემდეგ მისთვის კითხვები უნდა დაესვათ და შეხვედრა მალე არ უნდა დასრულებულიყო.

ოპონენტების მოთხოვნებს ასევე არ იზიარებს ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, ეკა ბესელია და აცხადებს, რომ შს მინისტრის უპასუხისმგებლო ქმედებები არ იკვეთება.

„ამდენი ხნის - სამი თვის შემდეგ, ისეთი აღმოჩენა რა გავაკეთეთ, გარდა პოლიტიკური შეფასებისა და პოლიტიკური იერიშისა, რაც გამოძიებამ იმ მოკლე შემჭიდროვებულ ვადაში არ გააკეთა და ვერ გააკეთა. რა კავშირშია ეს პასუხისმგებლობა გახარიას განცხადებასთან? რა ჩაკეტა, ბატონო სერგი, გახარიას განცხადებამ დეკემბერში, როდესაც მისი განცხადების შემდეგ 500-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. ეს არის ლოგიკა? ეს დავადგინეთ და აქამდე მივედით, რომ წულუკიანს იმიტომ უნდა დავაკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რატომ გააკეთა საჯარო განცხადება, კომისიაზე მოგყავთ და კითხვას არ უსმევთ არანაირ კონტექსტში, ერთადერთი ჰკითხეთ, განცხადებას ეთანხმება თუ არა. ეს არის პასუხისმგებლობის არსი, ეს არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, წონადი არგუმენტები?“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები