07 დეკემბერი 2024,   19:49
ვრცლად
კომისიამ წეროს და იკითხოს საკუთარი თავისთვის და სამთავრობო არხებისთვის - ნიკა გვარამია "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" მოთხოვნაზე

„კომისიის ამგვარ სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, რომელიც არღვევს პირადი ინფორმაციის შესახებ მარეგულირებელ ყველა ნორმას, ჩვენ არ დავემორჩილებით,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საპასუხოდ გააკეთა.

ნიკა გვარამია „ანტიკონსტიტუციურს“ უწოდებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ ტელეკომპანიებმა მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა უნდა გადაამოწმონ.

„ძალიან დიდი ხანია, მარეგულირებელ კომისიას ამ თემაზე ვებრძვით. მან საბოლოო ჯამში, სამართლებრივად  ეს ვერ დაასაბუთა და გადაწყვეტილება ვერ მიიღო ამ მიმართულებით. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მარეგულირებელმა კომისიამ ამ თვალსაზრისით, ჩვენ დავიცავთ კანონს და საქართველოს კონსტიტუციას და არა თვითგამოცხადებული ბრძენის, სინამდვილეში კი კორუმპირებული, არაფრისმცოდნე ბექაურის ხელში მყოფი კომისიის თვითშემოქმედებით მიღებულ სისულელეებს. ჩვენ დავიცავთ კანონს და, თუ ჩავატარებთ კვლევას, ეს კვლევა იქნება კანონთან შესაბამისი და არცერთ კანონის ნორმას არ დავარღვევთ,“ - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა ნორმა კანონშია გაწერილი და ამას დამატებითი კონტროლი არ სჭირდება.

„არავითარი მესამე და მეოთხე დონის კონტროლი, არც მეორე დონის ამას არ სჭირდება. კვლევაზე ყველა ნორმა კანონში მოცემულია და საჭირო რომ იყოს, ესეც ეწერებოდა. ამიტომ, კომისიის ამგვარ სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, რომელიც არღვევს პირადი ინფორმაციის შესახებ მარეგულირებელ ყველა ნორმას, ჩვენ არ დავემორჩილებით, არ დავექვემდებარებით. კომისიამ წეროს და იკითხოს საკუთარი თავისთვის და სამთავრობო არხებისთვის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) მაუწყებლებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციების შესახებ აფრთხილებს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ახალი მექანიზმების ამოქმედებას "თვითცენზურის საფრთხის შემცველს" უწოდებს არასამთავრობო სექტორი.

დღის ამბები