27 დეკემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - სირცხვილია, რასაც ვისმენთ, რომ სისტემური ძალადობა და მშვიდობიანი პროტესტი იყო, ასეთი სამარცხვინო ტყუილი დასავლური სივრციდან, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე

სირცხვილია, რასაც ჩვენ ვისმენთ - ერთი, რომ სისტემური ძალადობა იყო, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო ტყუილი და მეორე ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ესეც არის სამარცხვინო ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამოძიება წარიმართება ყველა ფაქტთან დაკავშორებით.

"თავიდანვე დაიწყო გამოძიება. იყო დაახლოებით 500-კაციანი ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც ძალიან უხეში ფორმით მოქმედებდა და ყველანაირ მასალებს იყენებდა ამისათვის, უმძიმესი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. ჩვენი მთავარი ამოცანა რა იყო, ერთი, რომ მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და მთავარი იყო, პირველ რიგში, მსხვერპლის თავიდან აცილება და მადლობა ღმერთს, ეს ძალიან ეწყინა “მაკკეინის ინსტიტუტს”, მაგრამ სწორედ ასე წარიმართა პროცესები. ჩვენ ასეთი მძიმე შედეგი ავიცილეთ თავიდან და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება, თითოეული პოლიციელის და ხელმძღვანელობის დამსახურება. მეორე იყო, თუნდაც ისეთი შედეგის თავიდან აცილება, რაც ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობას დაატყობდა კვალს. თქვენ გახსოვთ, როგორ დასრულდა, მაგალითად  საქართველოში 2011 წლის შეკრების დარბევა, 4 კაცი მოკლეს პირდაპირ მშვიდობიან შეკრებაზე. ასევე მინდა შეგახსენოთ გახარიას გმირობა 2019 წელს, როდესაც 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ასეთი იყო კონკრეტული ადამიანების, მერაბიშვილის, გახარიას პასუხი გარკვეულ აქციებზე, მიტინგებზე, მეორე შემთხვევაში იყო ძალადობრივი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მსხვერპლი აგვეცილებინა თავიდან და არა მარტო მსხვერპლი, არამედ ასეთი მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე აგვეცილებინა თავიდან. ეს მთავარი ამოცანა არის შესრულებული და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს, მათ შორის, მძიმე ინცინდენტებს, რაც ძალიან უსიამოვნო იყო, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ეს გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ როდესაც ერთ მხარეს გმობ, ასეთ ინცინდეტებს და ძალადობრივ ქმედებებს, ჯერ უნდა დაიწყო ინიციატორებით და უნდა დაგმო შესაბამისი ადამიანების ძალადობა. ორივე მიმართულებით ხომ სირცხვილია, რასაც ჩვენ ვისმენთ. ერთი, რომ სისტემური ძალადობა იყო, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო ტყუილი, რასაც ამბობენ და მეორე ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ესეც არის სამარცხვინო ტყუილი. ასეთ სამარცხვინო ტყუილს რომ ისმენენ ჩვენი მოქალაქეები დასავლური სივრციდან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე. კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, თვითონ ევროკავშირისვე კვლევით, ბოლო 6 თვეში, ამ აქციებამდე და ამ აქციების მერეც იქნებოდა ეს ტენდენცია, 6%-ით არის დაკლებული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. ასეთ სამარცხვინო განცხადებებს რომ ისმენენ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს აკნინებს ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას საზოგადოების თვალში. რატომ აკეთებენ ამას მე არ ვიცი, უფრო სწორად, ვიცი რატომაც აკეთებენ, მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა, უნდოდათ ამ ქვეყნის უბედურებაში გახვევა, ამას ვერ მიაღწიეს, საუბარი მაქვს კონკრეტულ ბიუროკრატებზე, ჩინოვნიკებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებიც კონკრეტულ გავლენას მიყვებიან. ვერ მოახერხეს ეს და ახლა სამარცხვინო განცხადებებით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას და ქვეყანას. წარუმატებელია მათი ეს მცდელობები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები