27 დეკემბერი 2024,   02:28
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად და პირადად ჩაერთვებიან

მმართველ გუნდში პრინციპულად უკვე გადაწყვეტილია, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები პირადად ჩაერთვებიან.

სახელისუფლებო პარტიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსით უდნა დაეხმარონ მათ რჩეულ კანდიდატს.

მმართველი პარტიის წევრები საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად ივლიან საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრებზე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე თავს ღირსეულად წარმოაჩენს.

„ქალბატონ სალომეს აქვს ძალიან ეფექტური თავგადასავალი და ის პიროვნულად ძალიან წონიანი დაჯდება ნებისმიერ ქვეყნის ლიდერთან, ტერესა მეი იქნება, მერკელი იქნება, ხორვატიის პრეზიდენტი, მაკრონი თუ სხვა, ნებისმიერთან იმიტომ, რომ ის გარემო, რომელშიც ისინი არიან, ეს საკმაოდ ცნობილია სალომესთვის, იქნება საინტერესო პრეზიდენტი, მე მგონი,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში ლიდერია.

„რაც გაცხადდა, რომ მმართველი პარტია იქნება მისი მხარდამჭერი ღიად და დეკლარირებულად, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მისი ლიდერობა,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მმართველი გუნდის შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება აღმასრულებელი მდივან, ირაკლი კობახიძეს და გენერალურ მდივანს, კახა კალაძესთან ერთად.

დღის ამბები