საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში მსჯელობენ თუ რა სახით დაუჭერდნენ მხარს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრას აუცილებლად დაესწრება.
„ზეპარტიული კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იქნება ყველაზე უფრო ეფექტური, რათა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები წარმოადგინოს. რაც შეეხება კამპანიას, როგორც იცით, მე გახლავართ ჩემი საამაყო ოზურგეთის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრას გადავდებ და როდესაც ის ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველ გუნდში პრინციპულად უკვე გადაწყვეტილია, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად და პირადად ჩაერთვებიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები.
სახელისუფლებო პარტიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსით უდნა დაეხმარონ მათ რჩეულ კანდიდატს. დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოუცხადა.