დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენებას წერილობით მისცემს. საქმე ეხება სატელევიზიო შოუს- "შეგირდის" ყოფილი კონკურსანტის საჩივარს. სამერ ზერვოსი პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ 2007 წელს დონლად ტრამპმა მას უნებართვოდ აკოცა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ სასტუმროში ხელითაც შეეხო. პრეზიდენტი, რომელიც იმ პერიოდში შოუს წამყვანი იყო, ბრალდებებს უარყოფს, ზერვოსს კი მატყუარას უწოდებს. დონალდ ტრამპის ადვოკატებმა საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს სამჯერ მიმართეს, მაგრამ სამჯერვე უარი მიიღეს. საბოლოოდ პრეზიდენტი დათანხმდა, რომ სასამართლოს წერილობით ჩვენებას 28 სექტემბრამდე მისცემს.