27 დეკემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"გამგეობები გადაქცეულია ციხე-სიმაგრედ და ჩინოვნიკი გარეთ არ გამოდის," - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი და მოძრაობის სხვა ლიდერები დღეს მარნეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

კულტურის სახლში მოსულ ამომრჩეველს გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით მიმართა და მისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ვაშაძის თქმით, აუცილებელია მარნეულის მოსახლეობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიეცეთ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებებში.

„ახალგაზრდობა მიდის, სრული უმუშევრობა, უძრაობა, უპერსპექტივობა, არავითარი ყურადღება ე.წ. ხელისუფლებისგან. გამგეობები გადაქცეულია ციხე-სიმაგრედ და ჩინოვნიკი გარეთ არ გამოდის. რაც მთავარია, სამწუხაროდ, კატეგორიულად და კატასტროფულად გაზრდილი კრიმინალი. ამაზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც შევხვდით დილიდან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზალიკო უდუმაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მარნეულის მოსახლეობა ცვლილებებს ითხოვს.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით „ქართული ოცნების“ მიერ მოტყუებულ კიდევ ერთ რეგიონში, ისევე როგორც მთელი საქართველო, მარნეულიც ითხოვს ცვლილებებს. სწორედ გრიგოლ ვაშაძე გახლავთ ის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და დაიწყება შეუქცევადი პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს ისევ წარმატების და წინსვლის გზაზე,“ - აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს.

„ან ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია იყოს წარმატებული ქვეყანა, ან ჩვენ სამუდამოდ ვართ "ქართული ოცნების" მსხვერპლი, ისეთივე მსხვერპლი, როგორიც არის ეს ხალხი და ეს საზოგადოება. გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიცია 28-ში აუცილებლად გაიმარჯვებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველო ლიდერთა შორის” დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.

„ხალხი არის გამარჯვებისთვის მზად, არის მომართული საბრძოლველად. ყველა არის შეერთებული ერთიანი მიზნით, რომ მისცემ ხმა ბატონ გრიგოლ ვაშაძეს,“ - აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ.

 

 

 

დღის ამბები