27 დეკემბერი 2024,   02:41
ვრცლად
საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა" - რუსეთის ოპოზიციის ლიდერები და საერთაშორისო ანალიტიკოსები თბილისში  

რუსეთის ოპოზიციის ლიდერები და გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკოსები თბილისში იკრიბებიან. მაკკეინის ფონდის ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენცია - მსოფლიო თავდაყირა იმართება.

კონფერენცია ხვალ დაიწყებს მუშობას, მისი რამდენიმე მონაწილე კი "კურიერის" ჟურნალისტს დღეს შეხვდა. რუსული ოპოზიციის ლიდერები არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ და ქართულ მედიაზე ზეწოლას, წლების წინ რუსეთში განვითარებულ მსგავს მოვლენებს ადარებენ.

კონფერენციის წევრები კარგად იცნობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მათ შორის "რუსთავი 2"-ის საქმეს, ასევე არაფორმალურ მმართველობას და ა.შ.

"მსოფლიოში დღეს ვითარება მარტივი არ არის. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ გამოწვევები ისევ არსებობს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი გარემო, სადაც კანონის უზენაესობა სრულად იქნება დაცული. ბიზნესისთვის სამართლიანი ატმოსფერო უნდა იყოს ქვეყანამ უნდა მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რაც შეეხება პოლიტიკას, ის ძალიან პოლარიზებულია. საქართველო პატარა ქვეყანაა ამისთვის და უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ივანიშვილმა განაახლა საჯარო საქმიანობა. კარგია, რომ საჯარო თანამდებობაზეა. ასევე მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება და მრავალფეროვნება,“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელმა უკრაინაში, კონფლიქტის საკითხებში, კურტ ვოლკერმა. 

ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი დევიდ კრამერი აღმოსავლეთ ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. 

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, რაც არასდროს ყოფილა. სენატორი მაკკეინი საქართველოს დიდი გულშემატკივარი იყო. მისი ღირებულებები კი ეფუძნებოდა სიტყვის თავისუფლებას, ინსტიტუციების სიძლიერეს, მმართველ შტოებს შორის ბალანსს. რაც შეეხება გამოწვევებს საქართველოში ერთ-ერთი გამოხატვის თავისუფლებაა და ამით გამონაკლისი არ ხართ. გვინდა ვნახოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველომ დაადასტუროს ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულება, რითაც წლების განმავლობაში ლიდერის როლს ასრულებდა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ეკუთვნის დასავლეთს, მაგრამ მმართველმა ძალამ, ოპოზიციამ, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა უზურნველყონ რომ ქვეყანა დარჩეს დემოკრატიის გზაზე,“ - განაცხადა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დევიდ კრამერმა. 

 

დღის ამბები