27 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
„შევარჩიოთ ქუჩა და ვუწოდოთ ამ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი" - გიორგი გაბაშვილი

საკრებულოს სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრმა, გოკა გაბაშვილმა, საკრებულოს ოპოზიციის ინიციატივა შეახსენა. ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს დიდი მხარდამჭერის, ამერიკელი სენატორის - ჯონ მაკეინის, სახელი ეწოდოს.

„შევარჩიოთ ქუჩა და ვუწოდოთ ამ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი. არა მგონია, ამის საწინააღმდეგო რომელიმე ფრაქციას ჰქონდეს საკრებულოში. უბრალოდ მინდა, რომ ეს პრაქტიკულად გავაკეთოთ და განვახორციელოთ. ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა იმიტომ, რომ ჯონ მაკკეინი იყო მთლიანად საქართველოს მეგობარი. არა რომელიმე ერთ პოლიტიკური ძალის ან პარტიის, არამედ იყო მთლიანად ჩვენი ქვეყნის მეგობარი,“ - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.

გოკა გაბაშვილის ამ განცხადებას უმრავლესობამ საპასუხო ბრალდებით უპასუხა და თბილისში არსებული ერთ-ერთი მოედნისთვის სახელწოდების ცვლილება გაიხსენა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა, მაგალითად ევროპის მოედანი მოიყვანა.

„მე მახსოვს, რომ ევროპის მოედანი უწოდეთ თბილისში არსებულ ერთ-ერთ მოედანს და მერე იქ თავისუფალი და უდანაშაულო ადამიანები დახოცეთ. მომიტინგეებს ვგულისხმობ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უსამართლობას. ასე რომ, მხოლოდ ქუჩების სახელდებით და გარკვეული მოედნების თუ პარკების სახელდებით, ადამიანების იქნება ეს თუ ღირებულებების, პატივისცემა ნამდვილად არ გამოიხატება. რაც შეეხება ბიოგრაფიულ გაკვეთილებს, არც ეს არის საბავშვო ბაღი და არც თქვენ ბრძანდებით ბეიბისითერი, ვიცით ჩვენც ჯონ მაკკეინი ბიოგრაფია ძალიან კარგად,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

დღის ამბები