27 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
"იბერიას" საქმე და სკანდალური აუდიოჩანაწერი - ჩანაწერის გასაჯაროებიდან 24 საათის შემდეგაც პროკურატურა დუმს  

მთავარ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება ფარულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფიგურირებს.

ჩანაწერში, რომელიც კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ერთმანეთს ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქრუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ესაუბრებიან.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ იბერიას საქმეში ჩართული იყო უჩა მამაცაშვილი და ის ორი მილიონის სანაცვლოდ, ომეგა ჯგუფს მთავრობასთან პრობლემების მოგვარების ჰპირდებოდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ აუდიოჩანაწერი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ვერ გაბედავს. 

ერთადერთი, ვინც საქმის მეტ დეტალებზე ისაუბრა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი 5 წლისწინანდელია.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დეზინფორმაციის გავრცელებაში დღეს პარლამენტის წევრმა და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ, დაადანაშაულა.

ჩხეიძე ამბობს, რომ ჩუგოშვილის განცხადებების აფსურდულობა ფარული ჩანაწერის შინაარსიდანვე ჩანს.

ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარი ტელეკომპანია იბერიას სარედაქციო პოლიტიკას ეხება, თუმცა, 5 წლის წინ იბერია საერთოდ არ მაუწყებლობდა.

ნატო ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებას მსგავსი განცხადებებით პრემიერის გადარჩენა სურს.

გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შემდეგ, დღეს იბერიასა და ომეგა ჯგუფის საქმეზე პირველი წერილობითი განცხადება გააკეთა უჩა მამაცაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უარყოფს იბერიას საქმეში ჩართულობას და აცხადებს, რომ განსაკუთრებული გავლენები არა აქვს და პროკურატურას მიმართავს, ფაქტზე დაუყოვნებლივი გამოძიება დაიწყოს.

დღეს მმართველი პარტიის წევრები არ უარყოფდნენ, რომ საქმეზე კითხვები არსებობს.  

სკანდალურ აუდიოჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ საპრეზიდენტო კანდიდატები.

ოპოზიციონერი კანდიდატები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა კითხვები ბიზნესის არაფორმალურ მართვაზე, პირველ რიგში, უჩა მამაცაშვილის უნდა დაუსვას.

იბერიას ინფორმაციით, ომეგა ჯგუფის საქმის განხილვა ინგლისის სასამართლოში მოხდება, სადაც, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, დაიბარებენ.

 

დღის ამბები