27 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე, სადაც შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს

ხმაური და დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, სადაც შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელისუფლებისადმი მიცემული ულტიმატუმის დრო უკვე ამოიწურა.

დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა ხელისუფლებას გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცეს.

შვილმოკლული მშობლები ამბობენ, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არ ენდობიან და გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ზაზა სარალიძის თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ სიმართლე არ დადგინდება.

„დღეს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა კიდევ გააკეთა რაღაც განმარტებები და რაღაც განაცხადები, თითქოს, ზაზა სარალიძის მოთხოვნა არის გადაჭარბებული. რა არის გადაჭარბებული, ჩემი შვილის მკვლელს რომ ვითხოვ? მე გადავაჭარბებ მაგათ! აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დასრულდება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისკენ და გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

„მართალი გითხრათ, დღეს მე რაღაც იმედიც დამეკარგა. კი, მართალია, ვისაც არ უგემია ეს სიმწარე, რაც მეც და ზაზამაც გამოვიარეთ და ჩვენზე წინ სხვებსაც გამოუვლიათ, ყველაზე მეტად, რისიც გვეშინოდა, ჩვენ ის დავკარგეთ. ამის შემდეგ მე და ზაზას არანაირი შიში და სხვა არაფერი არ გვაქვს და პირადად ჩვენ, რასაც ვაკეთებთ არის, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს მშვიდი ცხოვრება,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შვილმოკლული მშობლები საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობასთან უკვე მეორე დღეა, რაც მართავენ. მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

მათ გუშინ, მხარდამჭერებთან ერთად, მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს. 

დღის ამბები