27 დეკემბერი 2024,   07:03
ვრცლად
ხელისუფლება კვლავ პასიურ მდგომარეობაშია, კვლავ არ ახორციელებს მართლმსაჯულებას - ოთარ კახიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივანი, ოთარ კახიძე, შვილმოკლული მშობლების აქციას ეხმაურება, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს.

კახიძის თქმით, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი სამართლიანია. ოთარ კახიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ხელისუფლება კვლავ პასიურ მდგომარეობაშია, კვლავ არ ახორციელებს მართლმსაჯულებას და პრაქტიკულად, სხვა გზას არ უტოვებს შვილმოკლულ მამას, რომ გამოთქვას მწვავე პროტესტი,“ - განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდს ალტერნატიული დასკვნა არ წარმოუდგენია.

ოთარ კახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიამ იმ პირის ვინაობა დაადგინა, ვისაც პროკურატურა ხელს აფარებდა.

კახიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც კომისიას მიმართა, თუ რატომ ვერ გამოავლინეს დავით სარალიძის მკვლელი.

„ქალბატონ წულუკიანს, როგორც ჩანს, ან დასკვნა წაკითხული არა აქვს, ან უბრალოდ ასეთი გზავნილი აქვს, რომელსაც აწვდის მოსახლეობას. სინამდვილეში, კომისიამ გამოავლინა ეს პირი, ვისაც უნდა წარედგინოს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდება, მისი ინიციალები არის მ.კ.,“ - განაცხადა კახიძემ.

დღის ამბები