26 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო კომისიის წევრებზე შესაძლო ზეწოლის გამო რეაგირებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო კომისიის წევრებზე შესაძლო ზეწოლის გამო რეაგირებას ითხოვს. ბოლნისის საარჩევნო ოლქში, კომისიის სხდომაზე დაფიქსირებული განსხვავებული აზრის გამო, კომისიის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" დღეს გამოკითხვაზე პოლიციაში დაიბარეს.

ეკატერინე შარიამ გუშინდელ სხდომაზე საუბნო კომისიების ნათესაური ნიშნით დაკომპლექტების შესახებ ისაუბრა, რასაც მასთან პოლიციელის სატელეფონო ზარი მოჰყვა.

"უბანს აკომპლექტებდნენ თავისი ახლო ნათესავებით. ამასთან დაკავშირებით, მე წარვადგინე ფაქტები - ნათესაური კავშირი, სიდედრებზე, სიმამრებზე, ახლო ნათესავებზე. ჩემი დაბარება დღეს პოლიციაში გამომდინარეობს სწორედ აქედან, რაც არის ზეწოლა.  

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში, სადაც ბრიფინგი ლევან ბეჟაშვილმა გამართა, ეს ფაქტი სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლად და დაშინების მცდელობად შეაფასეს.

„მარტივი კითხვაა, რა ესაქმება პოლიციის გამომძიებელს საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან, საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის საქმიანობასთან. საერთოდ რა კავშირშია პოლიცია საარჩევნო პროცესთან და რატომ ხდება პოლიციის ესეთი უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში. ქალბატონ თამარ ჟვანიამ, რომელსაც გაუვიდა უფლებამოსილების ვადა, როგორც ჩანს მთლიანად გადააბარა თავის უფლებამოსილება სუს-ს და პოლიციას და დღეს სწორედ ეს ქვედანაყოფები ასრულებენ პოლიტიკური პოლიციის როლს და ურეკავენ ჩვენს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს და ხდება მათი დაშინება და ტერორი, პოლიციაში დაბარება და ა.შ.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები