„ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა,“ - ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო ისინი პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას ვეღარ ახერხებენ.
„იბერიას“ თანამშრომლების თქმით, ხელისუფლება „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლას ტელეკომპანიის დახურვის მიზნით ახორციელებს.
ჟურნალისტები ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
„ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტილი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანიის დახურვის მიზნით. გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, დაბალანსებულად და ობიექტურად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია. იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე - გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ზემოთ ხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ ტელევიზიის მუშაობის გასაგრძელებლად. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.