26 დეკემბერი 2024,   16:51
ვრცლად
"არა სალომე ზურაბიშვილს" - პეტიცია და სამოქალაქო პროტესტი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ

სამოქალაქო პროტესტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები იწყებენ მოქალაქეების გაერთიანებას მოთხოვნით, რომ ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა.

პეტიცია სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი კალატოზიშვილმა დღეს გახსნა, რამდენიმე საათში კი პეტიციას უკვე 3000-მდე ხელმომწერი ჰყავს. ხელს აწერენ მოქალაქეები, ვინც იზიარებს პეტიციის ტექსტს, რომ ზურაბაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია, ემთხვევა კრემლის ნარატივს და საფრთხეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის. 

მუსიკოსი გიორგი გაბუნია ერთ-ერთია, ვინც ამ პეტიციას ხელი მოაწერა. ის მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მის მიერ ომზე გაკეთებული განცხადებები სახიფათოა ქვეყნისთვის.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე დაზარალდება, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, რადგან ფრაზა - "ომი საქართველომ დაიწყო“ ქვეყანას აზიანებს, მისი ავტორის გაპრეზიდენტება კი საქართველოს მომავალს საფრთხეს უქმნის.

პეტიციას ხელი უკვე მოწერა მომღერალმა მაია დარსმელიძემ. მომღერალი ამბობს, რომ პროტესტის გამოხატვით, საკუთარი სამოქალაქო ვალი მოიხადა.

პროტესტს ზურაბიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელშიც გამოხატავენ.

"ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ციხით ისჯება თუ რამე მეშლება?! მე მოვაწერე ხელი! ახლა თქვენი ჯერია მეგობრებო!"

პეტიცია გაზიარებული აქვს და მას 100 პროცენტით ეთანხმება თამარ ივერი. ხელი პეტიციას უკვე მოაწერა ქეთათო ჩარკვიანმაც. სოციალურ ქსელში მან ზურაბიშვილის განცხადებებს სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი უწოდა. პეტიციის ხელმომწერთა რიცხვი ყოველწამიერად იზრდება.

დღის ამბები