26 დეკემბერი 2024,   16:56
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემო და დარღვევები - ISFED შუალედურ ანგარიშში ცესკო-ს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აკრიტიკებს

დარღვევები წინასაარჩევნოდ - არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

„სამართლიანი არჩევნების“ კრიტიკის ობიექტი ცენტრალური საარჩევნო და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიები გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც საოლქო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების არჩევისას დაფიქსირდა.

ის, რის გამოც „სამართლიანი არჩევნები“ ხელისუფლებას და ცესკო-ს აკრიტიკებს, რამდენიმე კვირაა ოპოზიციის პროტესტის მიზეზია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა „რუსთავი 2“-ის დაჯარიმების საკითხიც. კომპანია ეთერში პოლიტიკური რეკლამის გაშვების გამო ფინანსური სანქცია დაეკისრა, რასაც დღემდე აპროტესტებს ოპოზიცია.

მწვავე კრიტიკის მიზეზია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეთერში ისე გაშვება, თუ მისი სანდოობა არ გადამოწმდება.

ამ რეგულაციის გამო, მესამე სექტორი შიშობს, რომ კვლევების გამოქვეყნებაზე მედია საერთოდ უარს იტყვის, რაც აზარალებს მედიას პოლიტიკურ სუბიექტებს და საარჩევნო პროცესს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას აგრძელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია შუალედურ კვლევებს არჩევნებამდე კიდევ ორჯერ გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები