26 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება - დედა თამარი შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობას იწყებს

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება. მეოთხე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობენ.

აქციას დღეს სასულიერო პირი შეუერთდა. ჯვრის მონასტერში მოღვაწე დედა თამარი შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობას იწყებს. მან ეკლესიაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

„თუკი თქვენი შიმშილობა შეიძლება, თუკი თქვენი სიკვდილი შეიძლება, რატომ არ შეიძლება, ჩემი სიკვდილი? ამიტომ გიცხადებთ თანადგომას, თანაგრძნობას და დიახ, მეც თქვენთან ერთად, სასულიერო პირი ვაცხადებ რომ არ მომხდარა უპრეცედენტო შემთხვევას, თქვენთან ერთად ვაპირებ მეც შიმშილობას და თქვენთან ერთად სიკვდილს. ძალიან დიდი უკანონობაა ეკლესიებშიც, არ იფიქროთ, რომ იქ სასიამოვნო ამბებია. 5 თეა, ლიფტი გაფუჭებული მაქვს, ჩემი გადაადგილება არ შეიძლება ლიფტის გარეშე და გამოკეტილ კარებში მე მათი პატიმარი ვარ. არ დაგწყდეთ ხალხო გული, არც იქ არ არის კარგი სიტუაცია. მოკვდიო, შემომითვალა ერთ-ერთმა მეუფემ,“- განაცხადა დედა თამარმა.  

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემაც მიმართა.

„ჩვენ ჩვენს შვილებს ვეღარ გავაცოცხლებთ, მაგრამ ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ იმ ჭეშმარიტებას და სანამ ჩვენი შვილები სახელი არ აღდგება ისე, როგორიც იყო სიცოცხლეში,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ბრძოლას გააგრძელებენ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

„ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს, მოვლენ თუ არ მოვლენ, ჩვენ ვიბრძვით მათი და მათი შვილებისთვის. მე და ზაზამ დასაკარგი უკვე დავკარგეთ. დამნაშავეების დასჯისთვის ვიბრძვით, სანამ ცოცხლები ვიქნებით. მაგის იმედი მაქვს, რომ არცერთს არ შერჩება მათი სისხლი,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები