22 დეკემბერი 2024,   05:27
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება და გორის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სარალიძის გინება - ხმაურიანი აქცია გორში

გორში 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას დღეს საპროტესტო აქციაზე ითხოვდნენ. სოლიდარობის მიზნით გორის საკრებულოსთან მიმდინარე აქციას შვილმოკლული მშობლები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება გორის საკრებულოს თავჯდომარესა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შორის, მას შემდეგ მოხდა, რაც ზაზა რაზმაძემ ზაზა სარალიძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა. კამათი გინებაში გადაიზარდა.

სოლიდარობის აქციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა, პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ. ვახა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მზად არის შვილის ცხედრის ექსგუმაცია მოახდინოს, რადგან ეჭვი აქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სხვა იარაღით არის მოკლული.

მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გორის გამგეობასთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით ავტობანზე მიმდინარე აქცია დაშალა.

18 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრები ქუჩაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამოვიდნენ.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ თორნიკე მერებაშვილი განზრახ მკვლელობას ემსხვერპლა, მოგვიანებით კი ავტოავარიის ინსცენირება მოხდა. მერებაშვილები ვარაუდობენ, რომ რეალურ მკვლელებს ხელს პოლიცია აფარებს.

გორში გამართული აქციის მონაწილეები თბილისში შვილმოკლული მამების პროტესტს შეუერთდნენ. უკვე მეხუთე დღეა, პარლამენტის წინ პერმანენტული აქცია მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები