04 მაისი 2024,   04:27
ვრცლად
სუს-მა შსს-ს კომპიუტერებში უნებართვოდ შეღწევისთვის 3 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციის თანამშრომლებმა, შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლებთან ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები - შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. წინასწარი შეთანხმებით,  კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის  გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ. კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ. არაკანონიერი დახმარების სანაცვლოდ, აღნიშნული პირები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.   

გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

 

დღის ამბები