26 დეკემბერი 2024,   17:02
ვრცლად
"მტკივნეული, შეურაცხმყოფელი და მოკლეფეხებიანი ტყუილი" - საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე, ზურაბიშვილს აკრიტიკებს

„ეს წარმოადგენს ძალიან მტკივნეულ, შეურაცხმყოფელ და მოკლეფეხებიან ტყუილს,“ - ეს განცხადება საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძემ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი ბადრიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ომის დროს „საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ“, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს წარმოადგენს ძალიან მტკივნეულ, შეურაცხმყოფელ და მოკლეფეხებიან ტყუილს. ის, თუ როგორ იმუშავა ქართულმა დიპლომატიამ იმ დღეებში, ყოველგვარი მომზადების გარეშე, რადგან მოგეხსენებათ, ეს ომი არ იყო წინასწარ მომზადებული და შეთანხმებული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დღესაც გააჩნია დეტალური ანგარიში და არ არის რთული იმის ნახვა, თუ ვინ რა გააკეთა," - აცხადებს ბადრიძე. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომთან დაკავშირებით ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ღმერთმა დაიფაროს და პრეზიდენტის პირიდან გამოთქმული ამგვარი აზრები პირდაპირი სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნება, ყველაზე დამაზიანებელი ქალბატონი სალომეს განცხადებებიდან არის ომში საქართველოს დადანაშაულება,“ - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

ზურაბიშვილის პოზიციას, რომ ომი საქართველომ დაიწყო და 2008 წელს საქართველოს საელჩოები დუმდნენ, საქართველოს დიპლომატთა კლუბის კრიტიკა მოჰყვა.

დიპლომატები ზურაბიშვილის განმარტებას "მავნებლურს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - ქართულ ჯარს და ქართულ დიპლომატიას, დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენა. 

დღის ამბები