26 დეკემბერი 2024,   17:13
ვრცლად
"უნდათ, რომ იყოს მაღაზიები და ვიღაცის ბიზნესად გადაიქცეს"-დეკანოზი შალვა კეკელია მარიხუანას კულტივაციის თემას ეხმაურება

მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის წინააღმდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად მსვლელობას აწყობენ. საპროტესტო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ის საკრებულოსთან დასრულდება სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

აქციის მოწყობის თაობაზე მრევლს სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მეუფე შიომ მოუწოდა.

სასულიერო პირები მრევლთან ერთად მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას კულტივაცია ლეგალური უნდა გახდეს.

როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება. მისივე თქმით  სასულიერო პირებს ჰქონდათ შეხვედრა მთავრობის წევრებთან, თუმცა მათ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

„სახელმწიფო პირდაპირ ულტიმატუმით ანუ არც კი გვესაუბრება ისე გვეუბნება, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ამ კანონს მივიღებთ. ამან გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი აღშფოთება, რომ ადამიანები არ გვაყენებენ საქმის კურსში და არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რაზეა საუბარი. უნდათ, რომ იყოს მაღაზიები და ვიღაცის ბიზნესის სფეროდ გადაიქცეს. სხვა კითხვა ჩვენ არ გვიჩნდება და ჩვენ როცა ვისაუბრეთ ამაზე, შევხვდით კომპეტენტურ პირებს, კითხვაზე პასუხს ვერ გვცემენ როცა ამაზე კითხვას ვსვამთ ხოლმე. მთავრობის წევრებთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ, გუშინაც გვქონდა შეხვედრა და ჩვენ კითხვები რომ დავსვით პასუხები ვერ მივიღეთ,“-განაცხადა მამა შალვა კეკელიამ, თუმცა მან არ დააკონკრეტა ვინ ესწრებოდა შეხვედრებს მთავრობის მხრიდან.

მისივე თქმით თუ კი მოხდება გადადება ამ კანონპროექტის განხილვის და დაიწყება დიალოგი, მაშინ შესაძლებელია რაღაც სახის მოლაპარაკება.

„იყო დიალოგზე ლაპარაკი, რომ დიალოგზე წამოვიდნენ. ძალიან კარგია ჩვენ დიალოგი გვაწყობს, მაგრამ დიალოგი  რა შემთხვევაში შეიძლება?!-თუ სახელმწიფო გადადებს ამის განხილვას და ჯერ დავიწყებთ დიალოგს, დავიწყებთ ამის გარკვევას რა როგორ არის, მაშინ შეიძლება დიალოგზე წავიდეთ,“-განაცხადა  მამამ შალვამ.

სასულიერო პირები ინტერესდებიან რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ვინ აირჩია ეს მთავრობა ხალხმა არ აირჩია? როცა მთავრობა ღებულობს ხალხისთვის მიუღებელ კანონს, ბუნებრივია ხალხი წავა წინააღმდეგი,“-განაცხადა დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა. 

დღის ამბები