26 დეკემბერი 2024,   16:50
ვრცლად
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება - რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს უპირისპირდება 

რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს უპირისპირდება. რუსეთის უკმაყოფილების მიზეზი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებაა.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივი ღვთისმსახურება შეაჩერა და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებშიც აღარ მოიხსენიებს.

მსოფლიოს პატრიარქო კონსტანტინოპოლში მდებარეობს, სადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე მოღვაწეობს.

უკრაინა ავტოკეფალიას მრავალი საუკუნეა ელოდა და მან თავისი ისტორიით დიდი ფასი გადაიხადა, თუმცა რუსეთის ეკლესია ამის კატეგორიული წინააღმდეგია და არ სურს, უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა.

14 სექტემბერს, მოსკოვში შეკრებილმა წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, გაემიჯნოს მსოფლიო მართლმადიდებლობას. რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსმა, ილარიონ ალფაევმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და რუსეთის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურების დროს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებში. ასევე, მისი თქმით, შეჩერდება თანამსახურება კონსტანტინოპოლის პატრიარქთან.

არა ერთი თხოვნის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის დანაწევრებულ ეკლესიას ავტოკეფალია ვერ მიანიჭა. ამისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ სასულიერო, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების ნებაც.

2018 წლის მარტში, სტამბულში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ჩავიდა და მთავარი პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სიტყვა კონსტანტინოპოლზეა, კიევი მოუთმენლად ელის 14 ავტოკეფალიდან, ვინ დაუჭერს მხარს უკრაინის ავტოკეფალიას.

დღის ამბები