21 დეკემბერი 2024,   20:52
ვრცლად
შეცვლილი რიტორიკა, წინასწარ დაწერილი ტექსტი და უპასუხო კითხვები - ზურაბიშვილი ამბობს, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია სწორედ მათ ინტერესში შედის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი აგრესორია და ის შემოიჭრა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყოო, ცხადია, რუსეთმა და რატომო? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, ერთი და ერთი ორი არის, რომ ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე, არც მე და არცერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო და ვისი ინტერესია, მე ამას შეგეკითხებით, რომ ამ საკითხზე შეიქმნას სრული წარმოდგენა ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უარესია, რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ დაყოფილი არის აზრი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელმა ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო.

„მე, როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. სიტყვებს აქვს რაღაც თავისი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ცოტა ძნელი გასაგები, ვამბობ, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ამის შესახებ მას არაერთხელ უთქვამს. 

„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვლაპარაკობ, ამას ვიძახი დაბადებიდან... ასევე აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან და წელს, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე შეიძლება ყველაზე კარგად ვიცი, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოაცხადა, რაც არასწორი იყო, თუმცა მისივე თქმით, ამის შესახებ კითხვები არ ისმევა. 

„ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები