26 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
კორუფციაში მხილებული ზუგდიდის ყოფილი მერი - ლაშა გოგია სკანდალურ ჩანაწერს მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციას უწოდებს  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ლაშა გოგიამ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრა.

ის ამტკიცებს, რომ „კურიერის“ მიერ მოპოვებული და გახმაურებული სკანდალური ჩანაწერი ყალბია და მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციაა, თუმცა მაინც მიდის.

კორუფციაში მხილებულმა ყოფილმა მერმა ეს განცხადება ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისში გააკეთა და განაცხადა, რომ მერის პოსტს კი ტოვებს, თუმცა სამეგრელოში მმართველი პარტიის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარედ და საარჩევნო შტაბის უფროსად რჩება.

თანაგუნდელის ღია კრიტიკას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერიდებიან, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე მის დარჩენას არ მიესალმებიან. ამბობენ, რომ გოგიას პარტიაში ყოფნის საკითხს პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.

პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ლაშა გოგიასთან ერთად, მთელ გუნდს აკისრებს ოპოზიცია. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის მერიაში მივიდნენ და ის კაბინეტი შეამოწმეს, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენსა და ქალაქის მერს შორის სკანდალური საუბარი შედგა. პოლიტიკოსების განცხადებით, კაბინეტი დალუქული ამ დრომდე არ არის და არც მერიის თანამშრომლები გამოუკითხავთ.

დღეს „კურიერმა“ გაარკვია, რომ საქმის კიდევ ერთი და მთავარი ფიგურანტი გიორგი გულორდავა პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ჯგუფელი და ახლო მეგობარია. სკანდალური ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ სწორედ ზუგდიდის ვიცე-მერს პირადად გადასცა ქრთამი. 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები