26 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
"ფილიპ მორისს" სწორედ "თბილისის თამბაქო" ედავებოდა - გიგაური ელიტურ კორუფციულ სქემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი სკანდალური აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს. ეკა გიგაურის თქმით, ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფუძნებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების შესახებ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ, გარკვეული სქემა დალაგდა.

„ის სქემები, რასაც ვუყურებდით და რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არ გვქონდა, ფაქტობრივად დაგვილაგდა,“-ამბობს გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, გასულ წელს „ფილიპ მორისის“ მიერ დაწყებული დავა მაგალითად მოჰყავს და ამბობს, რომ თამბაქოს მწარმოებელი უცხოური კომპანიის მიმართ ქართულმა სასამართლომ საეჭვო გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ იმ დარღვევის გამო დააკისრა ჯარიმა, რაც კანონმდებლობაში საერთოდ არ იდო.

გიგაურის თქმით, საერთაშორისო კომერციულმა პალატამ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არაობიექტური უწოდა.

გიგაური ამბობს, რომ გასულ წელს ფილიპ მორისს სწორედ „თბილისის თამბაქო" ედავებოდა. ასეთივე დავა არსებობდა „ბრითიშ ამერიკან ტაბაკოს“-თან, სადაც მეორე მხარეს სწორედ „ომეგა“ წარმოადგენდა.

„მნიშვნელოვანია დადგინდეს ავთენტურობა და როდის იქნა ჩაწერილი ეს. თუ ეს ორი პროცესი მიმდინარეობდა პარალელურად ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნიდა კონკრეტულ სქემას, იმისთვის, რომ გაძლიერებულიყვნენ ბაზარზე და იყენებდნენ სასამართლოს, რომ ამ ბაზრიდან გაეშვათ მწარმოებელი უცხოური კონკურენტები. იმის გამო, რომ მათ მიმართ, კონკურენტები მიმართ იყო არასამართლიანი დამოკიდებულება "ფილიპ მორისი" საქმეს განიხილავდნენ ასევე საქართველო-ამერიკის ბიზნესს ფორუმზე ვაშინგტონში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნები პირდაპირ ადანაშაულებდნენ საქართველოს მთავრობას რომ აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და თუ სასამართლოს რეფორმას არ ჩაატარებენ ინვესტორები არ ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში,“-ამბობს გიგაური.

გიგაური ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამ საქმეების გამო საქართველოს სკანდალში გაეხვა "ფილიპ მორისმა“ უკვე სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა "ფილიპ მორისმა" საქართველოში დაგეგმილი ქარხნის მშენებლობა შეაჩერა.

"საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან და გამოძიება უნდა დაიწყოს კორუფციასთან მიმართებაში," -ამბობს გიგაური.

დღის ამბები