კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. მასში საპატრიარქოს წარმომადგენლები, ექსპერტები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდებიან. ჯერჯერობით დეტალები უცნობია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხი მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შეჯერდება.
„ერთობლივად შევთანხმდებით მთავრობასთან განხილვების გეგმაზე, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, თუ სამუშაო ჯგუფების, იმის მიხედვით რა თემებზე გვექნება საუბარი და განხილვების გეგმაზე, საკომუნიკაციო გეგმაზე. ეს ყველაფერი არსად საჩქარო ჩვენ არ გვაქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სამუშაო ჯგუფის შექმნას სკეპტიკურად უყურებს კანონმდებლების ნაწილი. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მოსახლეობის პოზიცია ამ საკითხზე ისედაც ნათელია და განხილვებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
„რას მოგვცემს ეს სამუშაო ჯგუფი, რომ ადამიანებს გარკვეულ ჯგუფს ამ სამუშაო ჯგუფში დაარწმუნებენ, რომ ეს კანონი კარგია? არ მგონია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ნაწილი არ ამუშავდება. ეს რაღაც დროის შეფუთვის მექანიზმი უფრო მგონია. სადღაც დაჯდებიან და ვითომ პრობლემას განიხილავენ. რეალურად სამუშაო ჯგუფში გადაწყვეტილი პრობლემა მე არ მახსოვს,“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
კანაფის კულტივაცია-ექსპორტის ინიციატივას კორუფციულ კანონპროექტს უწოდებს ოპოზიცია.
„მიიღეს ძალიან დიდი შეტევა საზოგადოების მხრიდან და ახლა მიმართეს ახალ ტაქტიკას. ეს კანაფის ნაწილი ჩამოაცილეს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ისევ მოხდება ამ საკითხის გააქტიურება. პარლამენტში კორუფციული კანონის მიღებას აპირებენ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და ვიღაცეების ჯიბის გასქელების ხარჯზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ასახელებენ „ევროპულ საქართველოში“.
„მთავარი პრობლემა რაც დავინახეთ, შინაარსის მიუხედავად არის, ჯერ ნაბიჯის გადმოდგმა და მერე ფიქრის დაწყება „ოცნების“ მხრიდან და ეს წინ გვხდება ყველაფერში ზოგადად,“-ამბობს გიგა ბოკერია.