27 დეკემბერი 2024,   03:31
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მღვდელმთავრების წინააღმდეგ და „ქართული ოცნების“ შტურმი ოპონენტებზე

სალომე ზურაბიშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადებები საპარლამენტო დებატების თემა გახდა. უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მათივე მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს ერთმანეთის მიყოლებით იცავდა და ოპოზიციას აკრიტიკებდა.

მმართველი პარტია ოპონენტებს სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს ოპონენტები მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის ქალია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას ურჩიეს, რომ ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად, ომის დაწყებაზე სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას კარგად გადახედოს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას რუსეთი გამოიყენებს და საერთაშორისო სასამართლოებში ქვეყანა დავების წაგების საფრთხის წინაშე დადგება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საპარლამენტო დებატების თემა მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი განცხადებით თავს ამჯერად ეკლესიას დაესხა და კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

ზურაბიშვილმა სასულიერო პირები გააფრთხილა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, თუ მღვდლების საერო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაერევიან, მწვავე რეაქცია ექნება.

ზურაბიშვილის უშუალო კონკურენტებმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გრიგოლ ვაშაძემ და „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძემ მმართველი პარტიის კანდიდატს შეახსენეს, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია.

დავით ბაქრაძისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთ ლიდერს, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თუნდაც ეს სალომე ზურაბიშვილი იყოს, რელიგიური გრძნობების გამოყენება დაუშვებელია.

საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ეკლესიას ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაესხა. მათი აზრით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სასულიერო პირებზე მას შემდეგ განაწყენდა, რაც მათი რადიკალური პროტესტის გამო, მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის დაკანონების პროცესი შეჩერდა.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს თავს აწონებს და ეკლესიას ღიად სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები