27 დეკემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ჩხუბი სოციალურ ქსელში გამოქეყნებული სტატუსის გამო - „ქართული ოცნების“ წევრი "ენმ-ის" დეპუტატს თავს დაესხა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი დეპუტატზე ანგარიშსწორების მიზეზი გახდა. ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თავს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები დაესხნენ.

გიორგი უკლება დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმა ქუთაისის მერის შესახებ გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიგეგმა. ოპოზიციის წევრმა მერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ იაკობ და ნიკო ნოკოლაძეებს ერთმანეთში ურევს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ ოპოზიცის ლიდერს თავს დაესხნენ და სცემეს, თუმცა მმართველი პარტია კონფლიქტის პროვოცირებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით მათ და მმართველი გუნდის ამომრჩევლებს შეურაცხყოფდა.

ჩხუბის შემდეგ ქუთაისში საკრებულოს სხდომა  ხმაურით განახლდა, თუმცა ამჯერად ოპონენტები ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომას უკლება და ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

უკლებაზე მომხდარი თავდასხმის გამო, ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავიდა. გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნება“ ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლების პროვოკაციებმა ოპოზიციის წინააღმდეგ სისტემური ხასიათი მიიღო.

ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერზე თავდასხმის გამო შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები