27 დეკემბერი 2024,   07:50
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დადგენილება ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დადგენილების  პროექტი ცნობილია. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და ზოგადად მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან - კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

საგამოძიებო კომისიის ზემოთხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე,"- აღნიშნულია დადგენილებაში. 

საგამოძიებო კომისია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს. ის შსს-სა და პროკურატურას მიმართავს, რომ სამსახურებრივი შემოწმება ჩაატაროს, რათა არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

კომისიის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარონ სამსახურეობრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

"საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის), სასამართლო განხილვის ეტაპზე. ასევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებების საფუძველზე; ასევე საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი ქმედებების შეფასების შემდეგ, გატარდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება. კომისიის მუშაობისას ასევე გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მოწმე მ.კ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგობები. შესაბამისად, მიზანშეწონილია შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს, ხომ არ იკვეთება ამ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

"საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები,“- აღნიშნულია დადგენილებაში.

კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე.

„მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის ამ ფაქტზე). შსს-მ ცალკე განსაზღვროს ამ ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია. ასევე, შსს-მ ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მიცემისთვის,“- აღნიშნულია დადგენილებაში.

კომისიის მუშაობის შემდეგ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა.

„ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, რაზეც საგამოძიებო ორგანოებს არ ეცნობა. აღსანიშნავია, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რისი შემჩნევაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთან, დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად.

"კითხვები მირზა სუბელიანთან დაკავშირებით  - მას შემდეგ რაც გამოძიებამ შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მირზა სუბელიანი დაკავებულ იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,“- აღნიშნულია დადგენილებაში.

კომისიამ დაადგინა, რომ არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები.

„ა. მირზა სუბელიანის, მისი არასრულწლოვანი შვილის - ა. ს.-ს და ცოლის არასრულწლოვანი დის შვილის -  მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარებულა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად: არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, არ გაიჩხრიკა არასრულწლოვანი მ. კ.-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმლის ამოღება).

ბ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ იქნა გაჩხრეკილი და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი.

გ. არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დ. ღ.-ს მიმართ.

დ. არ იქნა გამოკითხული ან დაგვიანებით გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი.

ე. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ იქნა ამოღებული ან დაგვიანებით იქნა ამოღებული. ამასთან, არ  მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვინც ჩანაწერებშია აღბეჭდილი.

ვ. არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება. ასევე, არ იქნა ამოღებული ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა ტელეფონები და კომპიუტერები.

ზ. კითხვის ნიშნებს ბადებს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება. თვალსაჩინოებისათვის გამოდგება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სადაც გამომძიებელი მირზა სუბელიანს უცნობ პირად მოიხსენიებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მირზა სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული და აღკვეთის ღონისძიების სახით  შეფარდებული აქვს პატიმრობა,“- აღნიშნულია დასკვნაში.

კომისიის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები