27 დეკემბერი 2024,   07:04
ვრცლად
საყოველთაო პროტესტი - უწყებათაშორისი კომისიას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოიკოტს უცხადებენ

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადაიქცა. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა "ლეიბორისტულმა" პარტიამაც.

პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი მოუწოდებს ყველას, რომ დატოვონ კომისია.

„ჩვენ ვტოვებთ ამ კომისიის მუშაობას იქიდან გამომდინარე, რომ ის არ რეაგირებს არანაირ საჩივრებზე. არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ აღიკვეთოს დარღვევები, რომელიც მრავალრიცხოვანია და რომელიც დაკვეთილია ხელისუფლების და უშუალოდ, ივანიშვილის მხრიდან საიმისოდ, რომ მათ მოახერხონ და შეძლონ საკუთარი სასურველი კანდიდატის გაყვანა თუ გათრევა, ბოდიში ამ გამოთქმისთვის,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

უწყებათაშორის კომისიას დღესვე გაემიჯნენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა".

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის დატოვებას ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანი და კომისიის წევრები რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა კომისიის წევრებზე ზეწოლებიც.

„ბოლო პერიოდში მრავალი პრეტენზია დაგროვდა უწყებათაშორისი კომისიის  და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის მიმართ. პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს ჰქონდათ არაერთი სამართლიანი შენიშვნა, რეკომენდაცია უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფდა, რომ ქალბატონი წულუკიანი და უწყებათაშორისი კომისია არ აპირებს რაიმე რადიკალური, კარდინალური ცვლილებები შეიტანოს თავისი კომისიის საქმიანობაში. მეტიც, დაიწყო უფლებების შეზღუდვა იმ მონაწილე ადამიანებისა, ვინც კომისიის სხდომებში ღებულობდა მონაწილეობას,“ - აცხადებს ბეჟაშვილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები