იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ უწყებათაშორისო კომისიის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აფასებს. კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ოპოზიცია ბოიკოტის გამო გააკრიტიკა.
თეა წულუკიანის თქმით, უწყებათაშორის კომისიაზე დღეს სწორედ იმ დარღვევებზე უნდა ემსჯელათ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა, მათ შორის, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერის სავარაუდოდ გაყალბებულ ხელმოწერაზე.
„მთავარი მოპასუხეები და მომხსენებლები სწორედ ის პარტიები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთა კანდიდატების სიებთან დაკავშირებითაც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მათ მხარდამჭერთა სიები, სავარაუდოდ, გააყალბეს, მაგრამ ისინი დღეს არ გამოცხადდნენ ამ სხდომაზე. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პასუხიც არ აქვთ იმაზე, თუ რა მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ, ალბათ, დაგვჭირდება არაერთი დამკვირვებლის და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევაც, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მაშინ, როდესაც ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის გაყალბებული ხელმოწერა. ამის ახსნა-განმარტება, ალბათ, ჩვენ შესაბამისი პარტიისგან უნდა მოგვესმინა დღეს, რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება და ფუფუნება, რომ არ მობრძანებულიყო და ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ აქვთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადაიქცა.