22 დეკემბერი 2024,   07:48
ვრცლად
არ ვარ საქმის კურსში მანქანებთან დაკავშირებით - ეკონომიკის მინისტრი "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმეს ეხმაურება

„არ ვარ საქმის კურსში მანქანებთან დაკავშირებით, გულახდილად გეუბნებით და იმდენი რამ ხდება ჩემს სფეროშიც და ამ ქვეყანაშიც, რომ არ შეიძლება, რომ მე ყველაფრის საქმის კურსში ვიყო,“ - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შეფასებისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, არ იცის დეტალები „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, რადგან ევროკომისიაში მართავდა შეხვედრებს, თუმცა, აცხადებს, რომ ამ კომპანიის ფინანსური დავალიანების შესახებ ფლობს ინფორმაციას. გიორგი ქობულიას განცხადებით, კომპანიამ დავალიანება უნდა დაფაროს.

„თუ ვიღაცამ დაარღვია კანონი, ყველამ უნდა უპასუხოს კანონის დარღვევას კანონის მიხედვით... „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რაც მე წავიკითხე, რაც მე ვიცი, თუ კომპანიას აქვს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ან მე გავიგე, რომ ამ კომპანიას დავალიანება აქვს ბანკების მიმართ, ეს არცერთ კომპანიას არ ეპატიება, ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და უნდა გადაიხადოს ბანკების მიმართ ის ვალი, რომელიც აქვთ აღებული,“ - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, თუ მსგავსი დარღვევები დაფიქსირებულია, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

„რა თქმა უნდა, თუ ასეთი რაღაც მოხდა, დავინტერესდებოდი. მაგრამ მე არ ვიცი, რაზეა საუბარი და მე არ შეიძლება, რომ ყველა საკითხი ვიყავი ალბათ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით "კურიერმა" დღეს ახალი ჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგას“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები