22 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
დღეიდან კორუფციას აქვს ახალი სახელი, მას ჰქვია ფოლკლორი - გრიგოლ ვაშაძე "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმეზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია,” გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც „ომეგას“ მფლობელს მინისტრებისთვის მანქანებს სძალავენ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, სახეზეა კორუფციის მაგალითი, რაშიც ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ.

ვაშაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და ივანიშვილის გუშინ ოზურგეთში გამართულ გასაიდუმლოებულ შეხვედრას გამოეხმაურა, რის შემდეგაც ვანო ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ფოლკლორზე ისაუბრეს და არ განუხილავთ სკანდალური ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილის სახელით სიგარეტის ბიზნესს ანაწილებენ.

„ეტყობა, ეს მრავალაქტიანი ტრაგედია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა ე.წ. იბერიის საქმე, სადაც ფიგურირებენ პარტაიგენოსე ჩხარტიშვილი, პარტაიგენოსე ყიფიანი, პარტაიგენოსე  ივანიშვილი, ამას უკვე დამთავრება აღარ უწერია. ამაზრზენი ხალხია და იუმორის გრძნობაც არ აქვთ, რომ ეკითხებიან რითი იყავით დაკავებულიო, პასუხობენ ფოლკლორზე ვლაპარაკობდითო. მინდა, ყველა საქართველოს მოქალაქეს მივულოცო, იმიტომ, რომ დღეიდან კორუფციას აქვს ახალი სახელი, მას ჰქვია ფოლკლორი. ამიტომ, როდესაც ილაპარაკებთ ქართულ ხალხურ ცეკვაზე ან ხალხურ სიმღერაზე, რაღაც სხვა ტერმინი უნდა მოვიგონოთ, როგორც წაგვართვეს „ოცნება“ სიტყვა, როგორც წაგვართვეს სიტყვა იმედი, ისე წაგვართვეს სიტყვა ფოლკლორი. ვერ მოესწრებით მაგას, რომ საქართველოში თქვენი ამაზრზენი კორუფცია გახდეს ფოლკლორი, დაგამთავრებთ ძალიან მალე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით "კურიერმა" დღეს ახალი ჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგას“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.

დღის ამბები