27 დეკემბერი 2024,   03:41
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ჩამოართვა, საკანონმდებლო ორგანო ისევ თბილისში ბრუნდება

პარლამენტი ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოდის. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ექვსი წლის შემდეგ აღასრულა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციას ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ართმევს და საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ინსტიტუტს აძლიერებს.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა გუნდის შიგნითაც მოჰყვა. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას პირველი შედეგი უკვე მოჰყვა, სამსახური 50-მდე თანამშრომელმა დაკარგა.

პარლამენტის აპარატში ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან ორმილიონნახევარს დაზოგავენ, თუმცა ცვლილება არ შეეხება სახელფასო ფონდს.

ოპოზიციამ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას პოლიტიკური შურისძიება უწოდა. ხელისუფლების ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებდნენ, რომ ვიდრე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ გაიხსნებოდა, იქამდე პარლამენტი ქუთაისში დარჩებოდა.

პირველი პროტესტი "ქართული ოცნების" ამ გადაწყვტილებას ქუთაისელებიდან მოჰყვა. ქუთაისში ამბობდნენ, რომ ქალაქს განვითრების შესაძლებლობა მმართველმა პარტიამ ამ გადაწყვტილებით საერთოდ მოსპო.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას საკონსტიტუციო განხილვები შეახსენეს და ადგილობრივების მოტყუებაში დაადანაშაულეს. მესამე სექტორი ამბობს, რომ "ქართული ოცნებამ" ქუთაისელებისგან თანხმობა, რომ კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ჩანაწერი ამოიღო, იმ პირობით მიიღო, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ისევ ქუთაისში გააგრძელებდა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრისა და 112 განთავსება იგეგმება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები