27 დეკემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ბერად აღკვეცილ ილია ვაშაკიძეს სასწრაფო კარდიოლოგიური ოპერაცია სჭირდება, თუმცა საჭირო თანხა არ აქვს

ბერად აღკვეცილ ილია ვაშაკიძეს სასწრაფო კარდიოლოგიური ოპერაცია სჭირდება. მისმა კარდიოსტიმულატორმა მუშაობა დაასრულა.

სქემიღუმენს 15 წელია კარდიომიოპათიასთან ერთად დიაბეტიც აწუხებს და ამპუტირებული აქვს ორივე ფეხის ტერფი, რის გამოც გადაადგილება უჭირს.

50 წლის სქემიღუმენს ახალი კარდიოდეფიბრილატორი სჭირდება. ოპერაცია 23 ათას 500 ლარი ღირს. თანხის გადახდა ბერს არ შეუძლია, საყოველთაო ჯანდაცვა კი მის მკურნალობას არ აფინანსებს.

ილია ვაშაკიძისათვის გაუგებარია, რატომ დარჩა სიკვდილის ზღვარზე მეორე ჯგუფის ინვალიდი სახელმწიფოს დახმარების გარეშე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სასულიერო პირს სახელმწიფომ სოციალური დახმარება რამდენიმე წლის წინ მოუხსნა და ახლა ის მხოლოდ მრევლის შემოწირულობით საზრდოობს.

სიცოცხლისათვის საჭირო და გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად ბერს ჯანდაცვის სამინისტრომ 4, მერიამ კი 3 ათასი ლარი გადაურიცხა. დარჩენილი თანხის მოგროვებას ვერ ახერხებს, ამ ფულით კი ოპერაციას არ უკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ბენეფიციარის დასაფინანსებლად კანონი არ არსებობს.

ილია ვაშაკიძეს სასწრაფო კარდიოლოგიური ოპერაცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩენა შეუძლებელი იქნება.

დღის ამბები