27 დეკემბერი 2024,   04:13
ვრცლად
თბილისის ტექნიკური კოლეჯის ყოფილი შენობა, ფაქტობრივად, დანგრეულია - ზურაბ წერეთლის ბარელიეფი კი გაძარცულია

დანგრეული და გაძარცული საბჭოთა არქიტექტურა - ნიკოლოზ ლაზარეიშვილის პროექტით 70-იან წლებში აშენებული თბილისის ტექნიკური კოლეჯის ყოფილი შენობა, ფაქტობრივად, დანგრეულია. მასზე არსებული ზურაბ წერეთლის ბარელიეფი კი გაძარცულია.

პროფტექნიკუმის ძველ შენობაში ახლა დევნილები ცხოვრობენ, თუმცა, არ იციან, როგორ ავიდნენ მძარცველები მათი ბინების გავლით სახურავზე, როგორ დაშალეს ასობით კილოგრამი წონის სკულპტურა, როგორ გამოიტანეს შენობის მეოთხე სართულიდან და ჩააბარეს ჯართში.

ამერიკელი არქიტექტორი თომას იბრაჰიმი პროფტექნიკუმის შენობას 2016 წლიდან სწავლობს. ის ამბობს, რომ შენობა უნიკალური და საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა.

ყოფილი პროფტექნიკუმის საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნის იდეა იბრაჰიმმა სახელმწიფო სტრუქტურებსაც შესთავაზა თუმცა, თანხმობა ვერ მიიღო, ამასობაში კი შენობა ნაწილ-ნაწილ იშლება.

შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, სადაც ამბობენ, რომ ნაგებობის ნაწილზე კერძო მეიჯარეა პასუხისმგებელი, სხვა კორპუსების მოვლა-პატრონობა და დასუფთავება კი სახელმწიფოს ვალდებულებაა.

სპეციალისტების განცხადებით, ასეთ შენობებს ძეგლის სტატუსი არ აქვს და შესაბამისად, მათ აღდგენასა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო არ იღებს.

თბილისის მერიაში არ აქვთ პასუხი, თუ რა ბედი ელის თბილისის ტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობას.

ზურაბ წერეთლის ბარელიეფის ქურდობისთვის კი გამოძიებას შს სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, აწარმოებს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები