08 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში შეხვედრის გამართვა დღეს მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით მოახერხა

ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრა დღეს მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით მოახერხა.

სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდელები საპროტესტო აქციით დახვდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით საჯარო მოხელეებს მიმართა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი2 კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ესენი ვერ შეძლებენ, რომ ქვეყანა მოატრიალონ ჩემს წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ დამაპირისპირონ იმ ადამიანებთან, ვინც არიან ნამდვილი ამ ქვეყნის პატრიოტები, ვიღაცები მოდიან და ამ სიტყვებს ათამაშებენ, ავრცელებენ. მერე წვდომა არ მაქვს, პრაქტიკულად, ტელევიზიებთან - ერთი არის დახურული და მანქანა სიცრუის, პატარ-პატარები არიან არანაკლები და იმედი არის ისეთი, რომელსაც ეშინია, რომ არ გამოჩნდეს, რომ რაღაც სახელისუფლებო არის ან ვიღაცის მომხრე და ძალიან მშვიდად ეკიდება ამ ყველაფერს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზუგდიდში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ამომრჩევენლთან შეხვედრას დაესწრო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ზუგდიდის მოსახლეობას, მათ შორის, თუ უკვე გააშუქა თქვენმა ტელევიზიამ, რომ იყო ერთი-ორი ისეთი ადამიანი, რომელიც გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებას დარბაზში... ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები