08 დეკემბერი 2024,   22:51
ვრცლად
მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილ უზუსტობები - პროკურატურაში ცესკოს წარმომადგენელთა გამოკითხვა გრძელდება

მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილ უზუსტობებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა გამოკითხვა გრძელდება. პროკურატურა საკითხს ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე იძიებს.

ამ წუთებში პროკურორების შეკითხვებს ცესკო-ს მდივანი პასუხობს. გიორგი ჯავახიშვილი უკვე მესამე პირია, რომელიც დღეს იკითხება. ჯავახიშვილმა, საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ხელმოწერებში აღმოჩენილ უზუსტობებთან დაკავშირებით.

ჯავახიშვილმა უპასუხა "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას განცხადებას, სადაც მალაშხიამ აღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავის დროზე ჩააბარეს. 

„იმაზე მეტი ფურცელი, სხვათა შორის, ბევრ პარტიას აღმოაჩნდა. ეს ოქმდება, ითვლება და შესაბამისად, აქტში იწერება ეს ზედმეტობა. ეს ალბათ დათვლის დროს მოუვიდათ შეცდომა,“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი იმ საკითხსაც ეხება, სადაც საუბარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში პრემიერ ბახტაძის ხელმოწერა აღმოჩნდა. გიორგი ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის და ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

გარდა ამისა, საუბარი იყო მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილ გარდაცვლილების შესახებაც, რაზეც ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია.

„მე ვნახე ინფორმაცია ტელევიზიების მეშვეობით, თუმცა რამდენად სიმართლეა, ალბათ გამოძიება დაადგენს ამას. ჩვენ ვერც ვეძებთ, იმიტომ რომ ადამიანი სიაში უბრალოდ არ იყო, მაგრამ ის გარდაცვლილია, წასულია თუ არ იმყოფება, მაგას ჩვენ ვერ ვადგენთ,“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

გარდა ამისა, სამი საათის განმავლობაში პასუხობდა საგამოძიებო უწყების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, გიორგი ჭიქაბერიძე. მისი განცხადებით, მან პროკურატურას ძირითადად ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით მიაწოდა.

„კითხვები ეხებოდა ზოგადად რა პროცედურებია საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის და მხარდამჭერთა სიების შემოწმების პროცედურა როგორ მიმდინარეობს და როგორ ხდება გადამოწმება. დაინტერესდნენ, ასეთ ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. მე მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. კონკრეტულ პროცესს არ შევსწრებივარ, ამიტომ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, დიმიტრი ჯავახაძემ.  

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები