27 დეკემბერი 2024,   05:11
ვრცლად
ფარმან ჯეირანლის საქმე - კლინიკა "ლანცეტის" ყოფილი დირექტორის ადვოკატის თქმით, თაღლითობის ბრალდება არ დასტურდება  

კლინიკა ლანცეტის ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, თაღლითობის ბრალდება არ დასტურდება.

სწორედ თაღლითობის ბრალდებით არის გასამართლებული კლინიკა ლანცეტის ყოფილი დირექტორი. 

„კლინიკას ჰქონდა ეს ნებართვა, კაზიმსაც ჰქონდა ნებართვა, გაუვიდა ვადა და სამი თვის შემდეგ გააკეთა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ორი პაციენტი გარდაიცვალა, გადის კიდევ ორი თვე და ამ ნებართვას ისევ უგრძელებენ მირჯალალ კაზიმს. ახალი 6 თვით გაუგრძელეს და გადის ერთი წელი და, როდესაც უკვე ვალის გადახდის დრო მოუვიდა გარდაცვლილის ოჯახს და აღარ უნდოდა ამ ვალის გადახდა და ჩივილი დაიწყო, ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ეს, რომ, თურმე, არასწორად გაკეთდა ოპერაცია,“ - განაცხადა  ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, კლინიკას ღვიძლის გადანერგვის ნებართვა არ ჰქონდა და ოპერაციების ჩატარების მოტივი ფინანსური სარგებლის მიღება გახდა.

„მან, როგორც კლინიკის დირექტორმა, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო ოპერაცია, მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ოპერაციის ჩატარების ნებართვა არ არსებობდა. ამის მთავარი მოტივაცია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კლინიკის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღება,“ - განაცხადა პროკურორმა, გიორგი ოსაძემ.

საქმე ეხება კლინიკა ლანცეტში 2016 წლის მარტში ჩატარებულ ორ ოპერაციას, როდესაც ერთი კვირის შუალედში ორ პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა, ორივე პაციენტი გარდაიცვალა. ოპერაცია პროფესორმა მირჯალალ კაზიმმა ჩაატარა, რომელიც ამჟამად იძებნება. 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

 

 

 

დღის ამბები