17 წლის შორენა ანდრიაძე წელიწადნახევრის განმავლობაში მეუღლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი იყო.
არასრულწლოვანი ახლა მშობლების სახლშია და ყვება, რომ მეუღლემ ის ბოლოს სასტიკად მას შემდეგ სცემა, რაც მუცელი მოეშალა.
მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, ანდრიაძე პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო. სამართალდამცველებმა მისი მეუღლე 23 სექტემბერს დააკავეს.
ანდრიაძის ძმა ყვება, რომ დის წამოყვანა არაერთხელ სცადეს, თუმცა გიორგი ლაშხიძე მათ სანადირო თოფითა და ცივი იარაღით დაემუქრა.
ბექა ანდრიაძე ამბობს, რომ მის ყოფილს სიძეს სამართალდამცავ უწყებაში მფარველები ჰყავს, რომლებიც მისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ.
ბრალდებული გიორგი ლაშხიძის ოჯახის წევრები ყოფილ რძალზე ძალადობის ფაქტებს უარყოფენ.
გიორგი ლაშხიძის საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ლაშხიძე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.
20 წლის გიორგი ლაშხიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ოჯახური ძალადობისა და მუქარის მუხლით ბრალდებული გიორგი ლაშხიძის საქმეზე გარდაბნის რაიონული სასამართლო 5 ნოემბერს იმსჯელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი, თაკო სურგულაძე.