27 დეკემბერი 2024,   04:19
ვრცლად
მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილი უზუსტობები - დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციასა და "ევროპულ საქართველოს" შორის

დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციასა და ევროპულ საქართველოს შორის საარჩევნო სიების თემაზე დაიწყო. კონფლიქტის საბაბი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილი უზუსტობებია.

მოძრაობის ლიდერებმა ევროპული საქართველო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მათზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრმა გაერთიანებულ ოპოზიციას პროკურატურაში უჩივლა.

განმარტებები ამ თემაზე პარტიის ოფისში გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ევროპულ საქართველოში განმარტავენ, რომ მათ სარჩელი გაერთიანებული ოპოზიციის წინააღდეგ პროკურატურაში არ შეუტანიათ. ბესო დონაძეს კი, რომელიც ევროპული საქართველოს წევრია, ცესკომ ახსნა-განმარტებები თავად მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მისი გვარი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა სიაში აღმოაჩინა. ბესო დონაძის მტკიცებით, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადააგზავნა.

პოლიტიკური დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციასა და ევროპულ საქართველოს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მხარდამჭერთა სიების გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიას დაუპირისპირდა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი კიდევ ერთ პოლიტიკური სუბიექტი.

ცესკო შოთა მალაშხიას ქრისტიან-კონსერვატიული პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ყალბი მონაცემების წარდგენაში ადანაშაულებს, მალაშხია კი ამტკიცებს, რომ მხარდამჭერთა სიები ცესკოში შეცვალეს, რათა შემდეგ ამ თემას სკანდალი მოჰყოლოდა. დალუქულ კონვერტებში 26 გვერდით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მალაშხიას პარტიამ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა.

დაპირისპირებას გაერთიანებულ ოპოზიციასა და ევრპულ საქართველოს შორის სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს, დარღვევები გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების სიებში აღმოაჩინეს, მათ შორისაა, ნიკა მაჭუტაძის სახელმწიფო ხალხისთვის, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და შოთა მალაშხიას ქრისტიან-კონსერვატორები.

 

დღის ამბები