27 დეკემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ფინანსებზე თუ არის საქმე, ეგ პრობლემა არ არის, აგერ კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი ბანკისთვისო - ბურჭულაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

საოპერო მომღერალი, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარე, პაატა ბურჭულაძე, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დაძაბვის შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს.

ბურჭულაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას პრეზიდენტობა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეთავაზა.

ბურჭულაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც კარიერის გამო ივანიშვილს პრეზიდენტობაზე უარი უთხრა, მან თანხაც კი შეთავაზა.

„პირველი ზარი, რამაც დარეკა ჩემში, შემაშფოთებელი, უცებ არც აცია და არც აცხელა, უი, ფინანსებზე თუ არის საქმე, ეგ პრობლემა არ არისო, აგერ, კახი კალაძეს მე 8 მილიონი მივეცი ბანკისთვისო და აი, კახი კარგად არის. აქ დაკრა ერთმა ზარმა,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ მოუყვა კახა კალაძისთვის მიცემული თანხის შესახებ.

„კახი იყო იმ დროისთვის მისი პირველი მარჯვენა ხელი, კახის ეყრდნობოდა, კახის ავტორიტეტი, კახის წარსული, კახის პიროვნება და უცებ თვითონ აიღო და ასეთი რამ მითხრა, მე როგორ შევეკითხებოდი, თქვენ ფული ხომ არ გაქვთ გადახდილი კახისთვის?“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, მის მეუღლესთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კალაძეს 5 მილიონი მისცა.

„ის ყველა ადამიანს აფასებს ლარში და დოლარში, თუ რა დაუჯდება, რა ღირს მისთვის ადამიანი. რამდენად შეიძლება იმის ყიდვა. გიყურებს შენ და გთავაზობს რაღაც თანხას, შენ არ თანხმდები, ეცინება გულში და იტყვის, რომ უფრო მეტს მოგცემ, მაინც დამთანხმდები და ბოლოში თუ არ დათანხმდი, ხდები მტერი, მაგრამ საშვილიშვილო მტერი,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა ივანიშვილმა, თუმცა, არ მიიღო ეს შეთავაზება, რის შემდეგაც ივანიშვილმა მათ საერთო ნაცნობებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძემ მას 50 მილიონი მოსთხოვა, რასაც ივანიშვილი არ დასთანხმდა.

დღის ამბები