27 დეკემბერი 2024,   05:15
ვრცლად
"ყველაფერი ეს რომ გაჩერდა, წყნარად დაიძინა ბიძინა ივანიშვილმა," - ბურჭულაძე ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს 

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანში ფონდ იავნანას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელსა და ამ თემაზე გამოქვეყნებულ ფილმზე საუბრობს.

პაატა ბურჭულაძე მოქალაქე ანდრია გვიდიანის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის შესახებ ყვება. გვიდიანმა სარჩელი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ შეიტანა, რაც ფონდ იავნანას შესახებ მომზადებულ ფილმს უყურა. 

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის დონე, ეს არის მისი გარემოცვა. ესენი ერთნაირად აზროვნებენ. აქ იკითხება მისი ტექსტები,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ამბობს, რომ სარჩელი ერთ დღეში მომზადდა და ის ერთ დღეში შეიტანეს პროკურატურაში. 

მოქალაქემ პროკურატურაში ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დაკითხვისას მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რა ნახა ფილმში. 

პაატა ბურჭულაძის თქმით, იავნანას წინააღმდეგ საქმის აღძვრიდან ერთი წელია გასული, თუმცა, საქმეში ვერაფერი ვერ ნახეს. ფონდ იავნანას დამფუძნებელი ამბობს, რომ პროკურატურას რამდენიმე გზა აქვს დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ რაღაც მოიფიქროს და ფონდს რაიმე დააბრალონ.

„ახლა პროკურატურას აქვს რამდენიმე გზა. პირველი არის ის, რომ რაღაცა მოიფიქროს და რაღაც დაგვაბრალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ხომ კარგად იციან, რომ ისინი დაისჯებიან იმიტომ, რომ ამის მოფიქრება ასე ადვილი არ არის. მეორე გზა არის, თქვან, რომ არაფერი არ არის და საქმე არ აღიძრება, ამ შემთხვევაში მათ დასჯის ბიძინა ივანიშვილი და არის მესამე გზა, რომელზეც დღეს ისინი დგანან, გაიწელოს ეს საქმე იქამდე, სანამ ეს მთავრობა არ შეიცვლება,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით, ქართული ოცნებიდან არც ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომელიც ფონდს დაიცავდა. ასევე, ბურჭულაძე ამბობს, რომ ფონდის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, იავნანაში ის თანხები აღარ შესულა, რითაც იმ ადამიანებს უწევდნენ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდებოდა.  

„არც ერთ სუპერმარკეტში აღარ არის ის ყუთები, ყველამ აიღო ეს, თანხები უკვე აღარ შემოდის, ჩვენ 14 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 650 ათასი ლარის დახმარებას ვაკეთებდით და ყველაფერი ეს რომ გაჩერდა, წყნარად დაიძინა ბიძინა ივანიშვილმა, გაუკეთეს კარგი საქმე,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

დღის ამბები