27 დეკემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ტექნიკური გაუმართაობის გამო გადადებული რეისი - Wizz air განცხადებას ავრცელებს 

ავიაკომპანია Wizz air ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ქუთაისი-ბარსელონას რეისის რამდენიმე საათიანი შეფერხების გამო, განცხადებას ავრცელებს. 

ავიაკომპანია განმარტავს, რომ ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი. ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში იკვლევენ. 

"რადგან ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონას რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110 მგზავრმა შეძლო. დარჩენილ 50 მგზავრთან ამ წუთებში მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. ისინი ავიაკომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდებიან. 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, ისევე, როგორც ავიაკომპანიისთვის, პრიორიტეტულია მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება განხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით,"-ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებით მგზავრების ნაწილი ვერ გაფრინდა. თვითმფრინავში უკანა ავარიული გასასვლელი ჩაიკეტა, რის გამოც რეისი ჯერ ერთი საათით გადაიდო, შემდეგ კი გაირკვა, რომ გაფრენის საშუალება რიგითობით მხოლოდ 110 მგზავრს მიეცა.

დარჩენილ მგზავრებს მომდევნო რეისამდე სასტუმროებში გადაანაწილებენ. მგზავრები ამბობენ, რომ ფინანსური ზარალი მიადგათ,რადგან დაჯავშნილი ჰქონდათ სასტუმრო, შეიძინეს ბილეთები და ახლა კომპანიისგან კომპენსაციას ელოდებიან.ადგილზე არ იმყოფება Wizz air ​- ის წარმომადგენლობა.

დღის ამბები