27 დეკემბერი 2024,   06:47
ვრცლად
თბილისს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე - დედაქალაქში წიწვოვანი ხეების დიდი ნაწილი უკვე გამხმარია და საფრთხე სხვა ხეებსაც ემუქრება

თბილისს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. დედაქალაქში წიწვოვანი ხეების დიდი ნაწილი უკვე გამხმარია, საფრთხე ახლა ფოთლოვან ხეებს და ამ დრომდე გადარჩენილ ფიჭვებს ემუქრება.

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ თუკი ხეების ხმობის პრევენციული ღონისძიებები არ ჩატარდება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დედაქალაქი, შესაძლოა, არსებული მრავალწლიანი ნარგავების გარეშე დარჩეს.

პარტიზანი მებაღეები არსებულ საგანგაშო ვითარებას მთავრობის უმოქმედობას აბრალებენ. სპეციალისტები იხსენებენ, რომ დაავადების სირთულის დასადგენად ქვეყანაში წლების წინ გერმანელი სპეციალისტები ჩამოიყვანეს. მათი რეკომენდაციის მიხედვით, სანიტარული ჭრა აუცილებელი იყო.

თუმცა ხეების გადასარჩენად არაფერი გაკეთებულა. სწორედ ამის გამო სოკოვანი დაავადება ჯანსაღ ნარგავებზე გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა გამხმარი ხეების მოჭრის პროცესი ახლა დაიწყო, სპეციალისტები ამბობენ, რომ საკმარისი არ არის.

სპეციალისტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მერიაში და აცხადებენ, რომ მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით ვითარება საგანგაშო არ არის, პრევენციის მიზნით კი მომდევნო კვირიდან გამხმარი ხეების მოჭრა დაიწყება.

პარალელურად, მერია არსებული პრობლემის შესასწავლად უცხოელი ექსპერტების მოწვევას ისევ გეგმავს, თუმცა უკვე დაავადებულ ხეებს უკვე აღარაფერი ეშველება.

დღის ამბები