26 დეკემბერი 2024,   13:50
ვრცლად
უკონტროლოდ დახარჯული მილიონები - ბენეფიციარები პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფორმალურობაზე საუბრობენ

უკონტროლოდ და არაეფექტურად დახარჯული მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბენეფიციარები, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება პროექტიდან "აწარმოე საქართველოში" ამტკიცებენ, რომ კონკურსი ფორმალურია და ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი.

ესმა კუნჭულიას ტექსტური შეტყობინებით აცნობეს, რომ მისი ბიზნეს იდეა დაწუნებულია. კუნჭულია "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სოფელ წოდორეთში გასტრონომიული კულტურის მუზეუმის გაკეთებას გეგმავდა. 19 ათას ლარად მას ტურისტებისთვის ახალი ზონა უნდა მოეწყო, თუმცა არც ფული მისცეს და არც შუამავალმა კომპანიამ აუხსნა რატომ დაუწუნეს იდეა.

ვინ უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, ამას 4 საშუამავლო კომპანია წყვეტს, თითო ასეთ კომპანია ნახევარი მილიონი ლარით ფინანსდება, ბიზნეს იდეებს სწავლობს და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ეუბნება რომელი პროექტი უნდა დააფინანსონ.

ის, რომ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში საბიუჯეტო თანხებისა გადანაწილება კომპანიებზე არასამართლიანად ხდება, ამის ეჭვი აქვს კიდევ ერთ ბენეფიციარს. დავით ტაბატაძე იმერეთში სამკურნალო პროფილაქტიკური ლიქიორების წარმოების გახსნას გეგმავდა, თუმცა მისი იდეაც დაიწუნეს. ტაბატაძე ამტკიცებს, რომ კონკურსი ფორმალურია და საშუამავლო ფირმებს წინასწარ ჰყავთ შერჩეული გამარჯვებულები.

"აწარმოე საქართველოში" არც ერთ პრეტენზიას არ იზიარებენ. ეს უწყება წელიწადში ბიზნესიდეების დაფინანსებაზე 10 მილიონს ლარს ხარჯავს, თუმცა აქედან 2 მილიონი საშუამავლო კომპანიებს ანგარიშებზე მიდის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პროექტი "აწარმოე საქართველოში" კრიტიკას იმსახურებს. პროექტს სერიოზული ხარვეზები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უპოვა და ამაზე დასკვნაშიც დაწერა. აუდიტორებმა დაადგინეს რომ პროექტისთვის გამოყოფილი მილიონობით თანხების კონტროლი არ ხდება. არ კონტროლდება არც თანხის გაცემის პროცედურები კონკურსი გამარჯვებულთათვის და არც შემდგომში ამ თანხების მიზნობრივი ხარჯვა. 

დღის ამბები