27 დეკემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ცენზურა სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად - მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნას ოპოზიცია და მედია აპროტესტებს

მარეგულირებელი კომისია პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დასაცავად ტელევიზიებს მიმართავს, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო სამი კლიპი ეთერიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს. კომისია განმარტავს, რომ სადავო კლიპებით მაუწყებლობის შესახებ კანონი ირღვევა.

კლიპების აკრძალავს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. ხელისუფლების ოპონენტები მარეგულირებლის მხრიდან ცენზურის დაწესებაზე საუბრობენ.

კომისია კანონის დარღვევაში საგანგებო ბრიფინგზე „ევროპულმა საქართველომაც“ დაადანაშაულა და მაუწყებლებს მოუწოდა, ამ მითითებას არ დაემორჩილონ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთი კლიპი კომისიამ იმ მიზეზით დაიწუნა, რომ იქ გადაცემა „რეაქციიდან“ ნაწყვეტია გამოყენებული, რაც კომისიის აზრით, ჟურნალისტის რეკლამაში მონაწილეობას ნიშნავს, მეორე სარეკლამო რგოლი, სადაც ზურაბიშვილი მოღალატედაა მოხსენიებული, კომისიის განმარტებით, ზნეობრივ ნორმებს არღვევს და არასათანადო რეკლამად ითვლება.

კომისიის აზრით, მესამე კლიპი უხამსი შინაარსის გამონათქვამს შეიცავს, უხამსობასთან დაკავშირებით მარეგულირებელს მაუწყებლის კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი მოჰყავს, რომელიც კრძალავს პორნოგრაფიის, ადამიანის ღირსების და უფლების შემლახავი პროგრამის, ან რეკლამის განთავსებას, რომლიც უხამსობას შეიცავს, ტელევიზიებში ჯერ ვერ დაადგინეს, რომელი კლიპი ჩათვალა უხამსობად.

მარეგულირებლ კომისიაში ამბობენ, რომ თუ ტელევიზიები მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, მაშინ სანქციები დაეკისრებათ.

„რუსთავი 2-ის“ იურისტებმა მარეგულირებლის წერილი დაუსაბუთებელი უწოდეს და სარეკლამო რგოლების ბადედან ამოღების მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურად შეაფასეს. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, „რუსთავი 2“ მითითებული კლიპების ეთერიდან ამოღებას არ აპირებს და მარეგულირებლის წერილს ცენზურის მცდელობად აფასებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები