27 დეკემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ბორდის წევრები კოლეგას ვანდალიზმსა და სამხილების განადგურებაში ადანაშაულებენ - პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ბორდის წევრებმა კოლეგა ვანდალიზმსა და სამხილების განადგურებაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც გია იაკობაშვილმა აღიარა, რომ წინა სხდომის ჩანაწერი მან გაანადგურა.

ვიდეომასალაზე საბჭოს წევრების და პროფკავშირების შეხვედრა იყო ასახული. მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სასამართლოში მტკიცებულებად უნდა წარედგინათ, თუმცა ის აღარ არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროფკავშირებთან შეხვედრის ჩანაწერს არ გაასაჯაროებდნენ, თუმცა გია იაკობიშვილისთვის ვიდეომასალის წაშლის უფლება არავის მიუცია.

საბჭოს წევრების პროტესტი იაკობაშვილისთვის გაუგებარია. ბორდის წევრი ამბობს, რომ თუ მასალა არ გასაჯაროვდებოდა და შესაბამისად, მის შენახვასაც აზრი არ ჰქონდა.

იაკობაშვილის არგუმენტების ბორდის წევრების ნაწილს არ სჯერა. პროფკავშირში კი ამბობენ, რომ ჩანაწერი მნიშვნელოვანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გაშვების უკანონობას ადასტურებდა და მტკიცებულება განზრახ გაანადგურეს.

პროფკავშირის და სამეურვეო საბჭოს წევრების წინა შეხვედრიდან განსხვავებით დღევანდელი სხდომა ჟურნალისტებისათვის ღია იყო. ჩანაწერი, სადაც გია იაკობაშვილი მასალის წაშლას ადასტურებს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე გამოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ მასალას პროკურატურას მიაწვდის, რომელსაც იაკობაშვილის ქმედების შესწავლას სთხოვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წევრებმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტს წერილითაც მიმართეს. ყოფილი თანამშრომლები ტელევიზიაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ ასობით მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება.

ამავე თემაზე
დღის ამბები